ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინიის დელეგაციების შეხვედრისა და მოლაპარაკების საკითხი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

„მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი“, - განაცახდა ზელენსკიმ. 

ერდოღანმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ. 

31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. 

29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. 

უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.

საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ 

მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“